"ჰარი პოტერის" ავტორმა ჯოან როულინგმა რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას წინა წელს მინიჭებული "იმედის ნაპერწკლის" ჯილდო უკან დაუბრუნა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის დირექტორმა, კერი კენედიმ მწერალი ტრანსგენდერთა უფლებების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა.
ჯილდო, რომელიც "სოციალური ცვლილებების ერთგულების" ნიშნით გაიცემა, როულინგს გასული წლის დეკემბერში ბავშვთა საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიენიჭა. ჯილდოს მიღებისას, როულინგმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე დიდი პატივი იყო რაც კი წილად ხვდომია და რომ მისთვის "რობერტ კენედი ყველაფერ იმას განასახიერებდა, რასაც ის ადამიანებში ყველაზე მეტად აფასებს". ჯილდოს სხვა მიმღებები ბარაკ ობამა, მთავარეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ და ჯო ბაიდენი არიან.
თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში ორგანიზაციის თავმჯდომარემ კერი კენედიმ "შეშფოთება" გამოხატა ჰარი პოტერის ავტორის "ტრანსფობიური ტვიტებისა და განცხადებების" გამო.
მიმდინარე წლის ივნისში როულინგმა ტრანსგენდერების საკითხზე რამდენიმე განცხადება გააკეთა, რამაც მრავალი გულშემატკივარის გულისწყვეტა და იმედგაცრუება გამოიწვია. როულინგი წერდა: "თუ სქესი ნამდვილი არ არის, მაშინ ქალთა ისტორია განქარვებულია. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, თუმცა სქესის კონცეფციის გაუქმება მრავალ ადამიანს ართმევს უნარს, საკუთარი ცხოვრება მნიშვნელობებით გაიაზროს".
მწერლის ეს განცხადება მრავალმა ლგბტქ აქტივისტმა, ისევე როგორც, ფილმ "ჰარი პოტერის" მრავალმა მსახიობმა დაგმო, მათ შორის, მთავარი როლის შემსრულებელმა დენიელ რედკლიფმა. მოგვიანებით როულინგმა პერსონალური ესე გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახური და სექსუალური ძალადობის პირადი გამოცდილება გაგვიზიარა და დასძინა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებსაც ჰორმონალური თერაპია გავლილი არ აქვთ, რომელიმე სქესისთვის განკუთვნილ კონკრეტულ სივრცეებთან წვდომა არ უნდა ჰქონდეთ.
კერი კენედიმ როულინგის საპასუხოდ განაცხადა, რომ "მწერლის კომენტარები "ტრანსგენდერთა ცოცხალ გამოცდილებებს შეურაცხყოფს" და რომ "ტრანსგენდერ თემზე მისი თავდასხმები შეუთავსებელია მისი ორგანიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებებთან".
27 აგვისტოს როულინგმა დააანონსა, რომ რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას მათგან ბოძებულ ჯილდოს უკან დაუბრუნებდა.
"ჩემსა და ორგანიზაციის ხედვებს შორის ფუნდამენტური სხვაობისა და კონფლიქტის გამო, მიმაჩნია, რომ სხვა გზა არ დამრჩა, გარდა იმისა, რომ შარშან ჩემთვის მონიჭებული "იმედის ნაპერწკალის" ჯილდო უკან დავაბრუნო. ვწუხვარ, რომ ორგანიზაციას ამგვარი პოზიციონირება აიძულეს, თუმცა არც ერთი ჯილდო თუ პატივი არ არის ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი სინდისის მორჩილებაზე ხელი ავიღო", - განაცხადა როულინგმა.